მე და ღამე
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში მოვათავსე.
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!
1913
ქარით დატირებული
ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.
შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.
ეხლა... თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...
1914
უსიყვარულოდ
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
1914
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.
იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა,
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილი ღრუბლით.
თითქმის არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.
როგორ, საიდან... არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ეხლა გახდა წყნარი და მშვიდი.
***
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.
1915
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა -
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!
და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!
შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!
დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები
შენს ფერხთით კვდება, როგორც პეპელა.
სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი
მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული!
და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!
დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.
დედაო ღვთისა, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
1917
მეგობარს
ისევ ის სევდა... ისევ კვნესა, ტანჯვა-წამება,
ოჰ, სად ხარ, სად ხარ, მეგობარო, მომეცი ხელი!
ბედით ტანჯული, უთვისტომო, არ გებრალება?
არ გებრალება სიყმაწვილე ჯერ გაუშლელი?
ოჰ, რომ იცოდე, თუ რა ცეცხლი ტრიალებს გულში,
რარიგ მიშფოთავს მკერდი ესდენ დაწყლულებული,
მაგრამ, მზადა ვარ, მეგობარო, შენს სიყვარულში
სიტყვაუთქმელად, უშფოთველად დავლიო სული!
სხვები მიცქერენ, როგორც მავნე სენით შეპყრობილს
და გატაცებულს დიდებაზე ფუჭის ოცნებით...
რარიგ სცდებიან... მკერდსმოღლილს და ისრით გაპობილს
სხვაგვარ იმედით ვასხიოსნებ, სხვაგვარის მცნებით.
შენ, მეგობარო, შენ ხარ ჩემი იმედი ტკბილი...
ვერ შემაშინებს ვერცა ტანჯვა, ვერცა - წამება,
ნავს გავაცურებ... მეგობრული შენი ღიმილი
იქნება ჩემი აღთქმის მხარე და ნეტარება!
ვილანელი
ყოველივე ქარია და ჩვენება!
ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია...
მარადია ერთადერთი: შვენება.
ყოველგვარი ღამეების თენება,
კარგად იცი, სულო, რომ სიზმარია,
ყოველივე ქარია და ჩვენება.
ყოველივე მერნის გადაჭენება
ნათქვამია, როგორც ძველი არია...
მარადია ერთადერთი: შვენება.
ისევ ნგრევა, ისევ ისე შენება
მოსაწყენი მგლოვიარე ზარია,
ყველაფერი ქარია და ჩვენება.
ყოველივე ცხედრის გამოსვენება
მხოლოდ მავნე ქვეყნის სულს უხარია,
მარადია ერთადერთი: შვენება.
სამუდამო დზილიო და მოსვენება
როგორ მინდა, მაგრამ როგორ მწარეა...
ყველაფერი ქარია და ჩვენება,
მარადია ერთადერთი: შვენება.
1922
სად დასასრული იყო
სად დასასრული იყო
ვიწრო, უცნობი ქუჩის,
იდგა სანთლების ჯიღა
და ქანდაკება თუჯის.
ყრიდნენ სანთლები ზოლებს,
ჰქროდა სიცივე ბინდის
და იგობედენ მოლებს,
როგორც დაწყევლილ სინდისს.
იდგა გაშიშის სევდა,
მწარე, ნისლივით ვრცელი,
მას ბურუსებზე ხვევდა
თეთრი ობობას ქსელი.
თითქოს მოინგრა ზეცა,
სისხლი, სიცილი ლოთის,
თითქოს მალული მხეცი
უფსკრულებიდან მოდის.
მოდის ბურანი ხანთა,
მას ბატონობა ანდენ,
სად ყვავილები სჩანდა
და დემონებიც სჩანდენ.
ვით დამსხვრეული ჭიქა,
გატყდა ღიმილი ტუჩის,
სად დასასრული იყო
ვიწრო, უცნობი ქუჩის.
1915
ჰე, მამულო!
ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარად ყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: „სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!“
არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მიზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!
მზე ჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!
პოეზია-უპირველეს ყოვლისა
სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!
მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება
მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ
გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,
მარად მანთებს შუქი სვეტიცხოვლისა:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
სიკვდილივით მარადია სურვილი
მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,
ყველაფერში შუქით შემობურვილი:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,
მე მოვკვდები, როგორც პოეტს შეჰფერის.
სიმღები ხალისის და ბრძოლისა:
პოეზია - უპირველეს ყოვლისა!
* * *
დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია
თუ დრო არის დროს ისევ შენ შეჰფერი
და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია
მე ტფილისი ავირჩიე ბებერი.
მაგრამ ქრისტეს გოლგოთა ხვდა წილადა
მე კი ჩვენი დამიფარავს მთაწმინდა
მანდილი ჩანს ისევ იმ მანდილადა
შხამსაც შევსვამ შენგან მოწვდილ სასმითა.
1916
***
ოდესღაც, სადღაც, მარტოობაში
გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი,
ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,
სულით ობლობას კვნესოდა ქარი.
ხანი გავიდა,გადამავიწყდა
სიმღერა სადღაც,ოდესმე თქმული,
სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში
ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.
ერთხელ,ოდესღაც გზად მივდიოდი,
მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი,
ყრმობის ოცნებით გავაცებული,
ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.
და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
სადღაც,ოდესმე ფიქრში ზმანებულს,
შემდეგ ახდენილს სინამდვილეში,
მაგრამ... საკმაოდ დაგვიანებულს.
1911
ატმის რტოო, დაღალულო რტოო
ატმის რტოო, დაღალულო რტოო,
ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი,
ქარიშხალი მოდის საიმდროო,
ყვავილების ქარში მიქრის ტბორი.
მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,
ამ გრიგალში დრო არ არის სხივის,
დაღალული ყვავილი ხარ სუსტი,
ქარი ყივის, ქარი ყივის, ყივის.
ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,
ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა,
თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...
ატმის რტოო, დაღალულო რტოო...
1916
ლურჯა ცხენები
როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე..
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში,
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით-ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!
იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.
ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ეხლა კი სამარეა შენი განსასვენები!
რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ გაიგონებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!
მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება,
მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!
1915
უკანასკნელი მატარებელი
უკანასკნელი მატარებელი
ცხოვრების ეტლის სადარებელი
საცაა გავა მატარებელი.
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარებელი.
ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, -
რა საჭიროა ეხლა გოდება.
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა ან შეცოდება?
მატარებელი თვლემს, როგორც ლავა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა,
ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,
მატარებელი ხუთ წუთში გავა.
აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდოებები!
ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, -
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი, -
გამოსალმების ხელოვნებისთვს
ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?
1937
შეხედე, რა ცაა
შეხედე, რა ცაა! -
ეს არის, რაცაა!
შეხედე ამ მხარეს! -
ზღვით დილა გვახარებს!
შეხედე, რა ზღვაა!
ო, ეს ზღვა სულ სხვაა:
გულია, მიწაა!
რა ცაა, რა ცაა!
***
გაგონდება თუ არა
კარალეთის დღეები,
მთების ლურჯი კამარა,
უცხო სამოთხეები.
კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები,
თუ მზემ გადაუარა
და ჩაუქრო ალები.
მოვდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი, სადა ხარ
და რომელსა მხარესა.
1918
გურიის მთები
წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე!..
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენით მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი!
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭირვალე, როგორც ბროლი!
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს…
წყარო კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფლეთილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგევარ მთაზე… და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა,
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.
ვხედავს სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად!
ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!..
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უმანკობის ნიაღვარი,
და არსად, მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით,
ვერსად ისე ვერვინ გაგვხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამქალწულები - აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!
და, მეეტლევ,
თუ მათ ალერსს
ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე…
მაშ, გარეკე ეგ ცხენები,
სადმე შორს, შორს წამიყვანე,
გამაქანე,
გამაქანე!
1914
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,
მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.
მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,
ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!
ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,
უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!
გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო
შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.
ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი
ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,
ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,
რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი
და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.
ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი
ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!
ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები –
საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,
საღამო ნელდება და კვდება ვარდები...
მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..
1917
გამოცოცხლება
ხარობს გული, ხარობს გული იმას,
რომ დაშორდა გრიგალსა და წვიმას.
რომ ლექსთა ცეცხლს გადაშორდა ფერფლი
(იყო მსხვერპლი, მაგრამ მსგავსი მსხვერპლი?)
სევდიანი თვალს მოშორდა რული,
გამოცოცხლდა, გამოცოცხლდა გული.
სიხარულით კვლავ წკრიალებს ქნარი
(იყო მკვდარი... მაგრამ მსგავსი მკვდარი? )
1940
***
მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე
მახვილს ვფერავდი,
შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი
ფერად-ფერადი.
მიყვარს ამ ხმის გაგონება,
რადგან ვერრათი
ვერ წავშალე მოგონება
ფერად-ფერადი.
შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი
ბედისწერამდი,
სად არ დამდევს მისი ჩრდილი
ფერად-ფერადი.
იყოს ისე , როგორც დარჩა
ამიერამდი,-
ჩემთვის- ძონძი, შენთვის- ფარჩა
ფერად-ფერადი.
***
თითქოს დაეშვა ძველი ფარდები,
ღამის წყვდიადში ისე მწარდები,
ცივია გული? არ შეუყვარდი?
არაფერია, შეუყვარდები.
თითქოს რაიმეს ნიშნავს, რომ ბნელი
ღამით იმავე მეგობარს ელი,
არაფერია, არაფერია,
მოვა სხვა, უფრო დაუძლეველი.
წარსულზე ოხვრას რისთვის უნდება
ყოველი დღე და შებინდბუნდება,
თითქოს ბერდები? არაფერია,
ათასი წლისაც არ დაბერდები.
ეფემერა
ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.
ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,
ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.
ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.
სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები,
იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება.
რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული,
გაიშლება - მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის,
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის.
ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები!
აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი.
ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი,
გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული,
უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი.
კიდეები შეშლილი, ღამეები ველური
დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას.
სულს სწყურია საზღვარი, ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას.
სთქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?
წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან.
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები,
ყოველმხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან.
ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა,
დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით.
კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა
და იქ მიექანება სული განწირულებით.
ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს,
სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება.
მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს,
როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება.
როგორც უხვი მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით
ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის,
წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები,
რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის.
თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი,
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს,
წარსულს სწყდება ფოთლების წყება იმედიანი,
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს.
დე, თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გართული,
იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა,
ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული,
ლანდი - არაქვეყნურ დარდით გადამწვარისა.
დამრჩეს ეს საიდუმლო, როგორც წმინდა ემბაზი,
ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს.
ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო!
1922
თოვლი
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
1916
ბავშვობის დღეები
გაფრინდა ბავშვობი დღეები,
მინდვრები, ჭალები, ტყეები.
უეცრად მოვიდა შავებით
სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან.
მწუხარე ფერხულში ჩავებით
და თვალი ცრემლებმა დაბინდა.
ბალახი, მდინარე, ხეები,
დღეები, ბავშვობის დღეები.
1915
დროშები ჩქარა
გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...
დროშები ჩქარა!
თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,
ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა...
დროშები ჩქარა!
დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,
ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა,
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...
დროშები ჩქარა!
დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას...
გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!
დროშები... დროშები... დროშები ჩქარა!
1917
ვერხვები
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ…
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღად და მიეძინათ…
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის ან ვისთან? არ ვიცი, არა!
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა,
დრომ ყვავილებით დააგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი – პრინცესა.
1915
მამული
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.
გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.
აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!
1915
მერი
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.
იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.
1915
მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
1915
* * *
სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მიუმწუთხებია...
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე.
1930
რომელი საათია?
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.
გულში მწუხარებამ ღამე გაათია…
მაინც არ მასვენებს მწარე სინანული –
რომელი საათია? რომელი საათია?
ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ უცვლება,
მთელი შემოდგომა თავზე დამათია.
ახლა მხოლდ სამი იყოს, შეიძლება?
რომელი საათია? რომელი საათია?
სამის, შეიძლება, არის მესამედი,
მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,
კივის სადგირიდან ზარი მეცამეტე –
რომელი საათია? რომელი საათია?
ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,
ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.
ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -
რომელი საათია? რომელი საათია?
ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი
თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,
აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!
რომელი საათია? რომელი საათია?
იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!”
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე –
რომელი საათია?
1914
ქარი ჰქრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..
1924
მესაფლავე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, -
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ...
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“...
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!
1912
* * *
სადაც უნდა მივდიოდე
უცხო ქვეყნად მარები,
უკანასკნელ შვიდიოდე
წლის თან დამდევს ქარები.
სადაც უნდა შევიარო,
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო,-
ღვინოს დააბრალებენ.
ო, ძვირფასო, ჯვარზე მაცვეს,
გაქრა გიჟი ოვნება,
ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,
მაგრამ რა მეკოცნება.
ქებათა ქება ნიკორწმინდას
მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, როგორც მინდა.
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურთმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
ჟღერს ქვის ჰარმონია –
დარობს რამდი დარი.
კარგად გამოჰკვეთა,
ვინაც გამოჰკვეთა,
სიბრძნით გამოჰკვეთა
მძლავრი ნიკორწმინდა.
აქ რომ თაღებია,
სვეტთა შეკონება,
ისე ნაგებია,
სიზმრის გეგონება.
ნეტა ვინ ააგო,
რა ნიჭმა ააგო,
რა მადლმა ააგო
სვეტი – ნიკორწმინდა!
ვგრძნობ, ვით დიადია
თორმეტი სარკმელი,
ხაზებში ანთია
ცეცხლი მისარქმელი:
ნეტა ვინ აანთო,
რომ გრძნობით აანთო
და წლებს გადაანდო
ნათლად ნიკორწმინდა!
ხვეულთ დიადება
ვხედავ – რა უხვია,
დრომ მას დიადემა
კრძალვით შეუხვია.
ნეტა ვინ მოჰქარგა,
და როცა მოჰქარგა,
შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა
გზნება – ნიკორწმინდა!
მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი – ნიკორწმინდა!
შენის სულმნათისად
ასვლა ეროვანი:
ყელი გუმბათისა
მაღალღეროვანი,
ცამდის აღერილი,
ნებით აღერილი,
სათნოდ აღერილი,
გშვენის, ნიკორწმინდა!
მზერა ქართულია
სივრცის დაუნჯებით,
თვალი გართულია
ფრთიან ფასკუნჯებით:
ფრთები, ფრთები გინდა,
კიდევ ფრთები გვინდა,
გინდა დაეუფლო
სივრცეს ნიკორწმინდა!
შემოსილნი გამჭვირვალე ბლონდებით
შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?
ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა,
არარა ბედს ჩემთვის არ აქვს არარა.
სასტიკია სული უამინდოთა,
განა ქვეყნად ბევრი რამე მინდოდა?
შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?
1916
წამყე ბეთანიისაკენ!
წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.
გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,
არსად ქვეყნად არ მინახავს
ადგილები უკეთესი!
ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან...
სანადირო ადგილები...
წამყე ბეთანიისაკენ!
მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,
გადმოვხედოთ მაღლით თბილისს -
მე აქ უნდა დავესახლო!
წამყე ბეთანიისაკენ! იქ სადღაცა, ახლომახლო
იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.
1947
ხელოვნება
ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.
დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?
და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.
ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!..
მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -
"ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული.
ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.
არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,
აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.
1909
შავი ყორანი
გზა გავიარე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
”ნუ იხედები... ნუ იხედები!”
გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიო
გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
”შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”
მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...
გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.
1911
სად?
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
ედემის ციურხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
1913
სად?
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს მე საქართველო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს
ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,
ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები
და ვეთხოვები მწარე ქვითინით.
მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება
ედემის ციურხატებად სთვლიდა,
ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,
ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს,
ძველ ოცნებებზე რომელი არ სწუხს?
ვწუხვარ, ვეძახი ჩემს სიყმაწვილეს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?
არ ვიცი... მაგრამ უმიზნობაში
ფიქრს ვერ ვაკავებ ცრემლად მონაქუხს...
ვწუხვარ... ვეძახი სიცოცხლის მიზანს,
მაგრამ არავინ იძლევა პასუხს.
1913
* * *
ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში,
უდაბურებად იქცა სოფელი.
ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.
შეიძლებოდა, მქონოდა სული
კეთილი, ნაზი, როგორც დობილი,
მაგრამ ცხოვრება არაა სრული,
მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.
ვით შეიძლება იქნე ლამაზი,
როცა სიტლანქე მოდის მგმობელი,
დროა, დავტოვო ფიქრი ამაზე,
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.
საშინელება, სიბნელე, გესლი,
დემონიური ცეცხლის პროფილი,
ბოროტო, სუნთქვა რად გამოძნელე,
მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.
ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.
მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი -
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს!
წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.
ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.
1914
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი
ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი,
ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი,
სურათი რამე კარგზე მგლოვარი,
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
ბარათი, სისხლის ცრემლ-ნატბოვარი,
ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი,
საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
თმა, როგორც განძი ძნელ საშოვარი,
წიგნი რამ ომით მონაპოვარი,
საფერფლე მამის დანატოვარი-
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
სამშობლოვ, მარად მსასოოვარი,
ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი,
ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარი -
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
1934
ჰე, მამულო!
ჰე, მამულო! გრძნობა შენი მოვლისა
მარადყველა ჩვენთაგანის ვალია.
სანამ გმირმა შენთვის სული დალია,
სთქვა: “სამშობლო, უპირველეს ყოვლისა!”
არმოშიშარს ქარისა და თოვლისა,
ყოველ ჩვენგანს ურყევ მოზნად ექნება
მხოლოდ შენთვის თავდადების შეგნება:
მამულს გული, უპირველეს ყოვლისა!
მზეჩაჰქრება ყველა სისხლისმწოვლისა,
მზე ამოვა ყველა დაჩაგრულისა,
წამლად იქნას ყოველ დაჭრილ გულისა:
გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა!
დე, ბრწყინავდეს დროშად თვითეულისა
საქართველოს მკერდი ორდენოსანი,
მისი მიწა, მისი მზე სხივოსანი,
ის გვიყვარდეს, უპირველეს ყოვლისა!
1941
ჩვენ, პოეტები საქართველოსი
გულში იმავე გრძნობით ბრუნდება
და მოლოდინი დარეკავს ჩუმი,
რომ არაერთხელ აგუგუნდება
დედამიწაზე კიდევ სამუმი.
აჰ, ქიმიური ომების წყება
სოფელში, მინდვრად, ქალაქში, ტყეში.
ახალი ლპობა ჰოსიტალების,
ახალი ცრემლის ღვარი და თქეში.
იქ, ტრანშეების ლაბირინტებში,
ნუ გაგიტაცებს ძველი წუხილი...
ხევიდან ხევზე იკივლებს მეხი,
ხევიდან ხევზე წავა ქუხილი,
და გიგანტური მუხლუხო - ტანკი,
შეუწყვეტელი ტყვიის ფანტელი,
პროჟექტორებმა აერში იგრძნეს
აეროების კორიანტელი.
წამოვა მღვრიე ცეცხლის ნიაღვრად
ასსანტიმეტრის მკაცრი სახელი,
ხევიდან ხევზე გადიგრიალებს
ხევიდან ხევის გამოძახილი.
გააფთრებული ომის გენია,
ძველი ჟანგივით ყვითელი ფერის,
გადეფარება მეწამულ ზეცას,
რომ მოიტანოს დღე მწარე წერის.
იქნებ მოსწყინდეს ერთსახეობა
აღმოსავლეთის დღეების თბილის,
გამოანგრიოს მტკვარის ხეობა
და ასაკლებად მოადგეს თბილისს.
ვართ პოეტები საქართველოსი,
რომელთაც გვახსოვს დღე უარესი.
ჩვენ ეხლავ ვიცით, სად დადგებიან
კლოდელი, ჟამმი, სიუარესი...
დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია
და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს
ჩვენ, პოეტები საქართველოსი!..
1924
თვალუწვდენელი, დაუსაბამო
თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,
ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი,
ღრა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით იხვეოდა ხშირი ტყე-ველი,
კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე,
გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე,
გადაიარა ჩემთა თვალწინ და მიიმალა,
სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა.
მე მივდიოდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე,
მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
1913
ი.ა.
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.
შეშლილი სახით ჯიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა
და გაისმოდა დების სიმღერა.
1915
შენი სადღეგრძელო
კაფეში სევალ სრულიად მარტო
და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას,
ერთი შენია (უნდავიდარდო
ასეც და ისეც, აქაც და იქაც).
შენს სადღეგძელოს ჩუმად ჩამძახებს
ჭიანურები, ვასვამ: ალავერდი!
მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახებს,
პასუხს არ მაძლევს ხმათა ხავერდი.
და გაფითრებულ სარკეში მცურავს
ეს მწუხარება ვინ დამიფასოს?
მე გეუბნები ასე სამდურავს,
მაგრამ შენ მაინც არ მაძლევ პასუხს.
1916
მგლოვიარე სერაფიმები
მარმარილოს ქვეშ (მწუხარება უამრავ დროთა!
მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა);
საუკუნეთა სათვალავი მეკარგებოდა;
ერთხელ ზმანებით მე ამოველ ბნელ სამარიდან.
მე მოვდიოდი სამშობლოსკენ გზებით ირიბით,
ჰაერში კვნესდა დაწყვეტილი წვიმის სიმები
დასასაფლაოს ძეგლებიდან მწუხარე რიგით
მე მომყვებოდნენ დასტიროდნენ სერაფიმები.
ასე სტიროდნენ: “ოჰ! შეხედეთ! აი, ეს არი!
იყავ ნაზი და ახალგაზრდა - როგორც მაისი,
დადაფნულ გზაზე მიდიოდი, ვით კეისარი,
შენს მოვლენაში კრთოდა ცეცხლი უზენაესი.
ცხოვრება შენი იყო მწველი ალერსი ქალის,
თვით ბოროტება საქართველოდ ნაანდაზები
შენში ბადებდა სიმხურვალის დაუმქრალ ხალისს,
და შენ,მწყურვალემ, გამოცალე ყველა თასები!
ყოველი წვეთი სავსე იყო უმძაფრესი შხამით;
ლურჯა ცხენებით თუ გაფრენდა გრძნობათ სინაზე,
იყავ საოცრად მოხიბლული ასეთი ღამით
და უაილდის ყვავილივით დაეცი გზაზე.
ცაცხვები დგანან შენს საფლავთან, ვით კენტავრები,
მათ სიბნელეში, ნისლიანი და უეცარი,
გამოჩნდებიან პოეზიის თანამგზავრები,
სდგანან მწუხარედ და იტყვიან: აი, ეს არი!”
1916
ცამეტი წლის ხარ
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!
გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.
ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.
1916
ხვალემ იზრუნოს ხვალისა
ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!
ღვინომ აიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა!
არც ვწუხვარ, არც მერიდება
მიმავალ-მომავალისა;
წყალმა წაიღოს “დიდება”,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა!
გულმა მიიღოს გულისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.
ღვინომ მიიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა!
1916
მოვა... მაგრამ როდის?
შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!
ყვავილები უხვადარის
დენდის...მეფე მონის.
ქარში ათრობს არემარეს
ოხვრა ტრიანონის.
და ლანდებად თეთრ სარკეზე
ჩნდება სახე მკრთალი
შუაზელი, ესტერგეზი
და თვით დედოფალი.
ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მე ვერსალის ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით
მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.
დედოფალო! ლურჯი რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!
მიჰქრის დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.
1918
ხელები
საყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები,
ბროლის თითები, მზისგან სავსე ღვინით,
მე დამათრობენ:
გევეგები,
გავენაბები!
პოემას უვრცესს
დაერქმევა ალვა დასურო.
იქ შორეული მხარეები
უნდა გამეფდეს!
ოჰ!
ეს იქნება აღტაცება ჩემი ნამდვილი,
რომელიც დათვლის შენს თითებზე
დამსხვრეულ ბეჭდებს.
1919
ვილანელი
ყოველივე ქარია და ჩვენება!
ოჰ, სიცოცხლეც უეცარი ქარია...
მარადია ერთადერთი: შვენება.
ყოველგვარი ღამეების თენება,
კარგად იცი, სულო, რომ სიზმარია,
ყოველივე ქარია და ჩვენება.
ყოველივე მერნის გადაჭენება
ნათქვამია, როგორც ძველი არია...
მარადია, ერთადერთი: შვენება.
ისევ ნგრევა, ისევ ისე შენება
მოსაწყენი, მგლოვიარე ზარია,
ყველაფერი ქარია და ჩვენება.
ყოველივე: ცხედრის გამოსვენება
მხოლოდ მავნე ქვეყნის სულს უხარია,
მარადია ერთადერთი: შვენება.
სამუდამო ძილი და მოსვენება
როგორ მინდა, მაგრამ როგორ მწარეა...
ყველაფერი ქარია და ჩვენება,
მარადია ერთადერთი: შვენება.
1922
***
რარიგ კარგია, სამშობლოვ,
შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა...
ორზღვათა შუა მდებარე
ბრწყინავდა კავკასიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა...
სულ მაღლა გორის ციხეა,
სულ დაბლა ძველი სიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა...
დაბლით კოლხიდის ველია,
მაღლიდან დგას ბახტრიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა....
19??
***
ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა
და ყვავილები გიიადონა.
შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,
სულო, ჭაობზე უნოტიესო.
იდუმალია ჩვენი სერობა
და ღამეების ალმაცერობა,
რომ ოცნებები ცეცხლით გალესო,
სულო, იმ ცეცხ;ზე უმხურვალესო.
დღეთა სინაზესედება კორძი...
ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი
და იდუმალი ლოცვა ბაგისა,
სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო.
ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი -
ერთი უმრავლეს ვარსკვლავთაგანი,
აელვარდება ცაზე ოდესმე,
სულო, დემონზე უბოროტესო!
1922
რა ცაა!
შეხედე, რა ცაა! -
ეს არის, რაცაა!
შეხედე, ამ მხარეს! -
ზღვით დილა გვახარებს!
შეხედე, რა ზღვაა!
ო, ეს ზღვა სულ სხვაა:
გულია, მიწაა!...
რაცაა, რაცაა!
1946
გულო, რა გემართება?
შემოდგომის ყვავილებს
დიდებასთან მივიტან,
ერთი შორი ოცნება
მახსოვს ძველ მოტივიდან.
ვარდები არ არიან,
მაგრამ რა მევარდება?
სულო, რა გემართება?
გულო, რა მოგივიდა?
1927
სინამდვილეში ოცნებისას
დაე, ვცდებოდე, მატყუებდეს ოცნება ჩემი,
აუსრულებელ იმ ოცნებებს კვლავ მივეცემი.
ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებს სიცოცხლის ვნება,
იმ შორ გაზაფხულს, ძლიერად რომ გამობრწყინდება.
სინამდვილეშიც ოცნებისას ავანთებ კანდელს,
იმ შორ გაზაფხულს ფეხქვეშ ვუგებ ყოფნას დღევანდელს.
1910
***
გზები გაუვალი
და გზები გავლილი -
გულისტკივილით მაქვს
ყველა შესწავლილი.
ადის მწვერვალზე, თუ
ჭაობში ეფლობა -
ერთი ნიშანი აქვს:
დაუსრულებლობა.
No comments:
Post a Comment